ახალი ამბები
ქარელის გამგებელი ანგარიშით წარსდგა - ძამას ხეობაში ახალი გზის გაგრძელებას ელიან
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა 3-წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და ანგარიშით გამგეობის შენობაში წარსდგა. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნციპალიტეტების ხელმძღვანელებს ასეთი შეხვედრა პირველ ნოემრამდე უნდა მოესწროთ.

ახლადარჩეული მერი ამბობდა, რომ რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით განხორციელდა. ერთ-ერთ მაგალითად, ძამას ხეობაში მოასფალტებული გზა დაასახელა. ტურისტულ ზონაში მოასფალტებული გზა სოფელ გვერძინეთამდეა და ის ელბაქიანის გასასვლელთან მთავრდება.

სოფელ ელბაქიანში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობა თავის საცხოვრებელ სახლებს, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში უბრუნდება. ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ძამას ხეობაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მომდევნო 2018-21 წლებშიც გაგრძელდება.

ფარზუმაი ელბაქიძე საბალახოდ გაშვებული საქონლის მოსაძებნად ორთუბნიდან ფეხით მიდიოდა. ელბაქიანთან შეხვედრისას გვითხრა, რომ ახალი გზა მიმდინარე წელს დაიგო. საარჩევნო პლაკატზე წაიკითხა, რომ ფოტო ზაზა გულიაშვილს ეკუთვნის, თუმცა, ვინ არის ზაზა გულიაშვილი არ იცოდა. მისი თქმით, ახალი გზა ძალიან ჭირდებოდა მოსახლეობას, მადლობას უხდის რაიონის ხელმძღვანელს და გვითხრა, რომ წინ კიდევ ბევრი სოფელია დარჩენილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები