ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთს ესტონეთის პრეზიდენტი ესტუმრა
დღეს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ამავე დროს, ესტონეთის პრეზიდენტს არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმაც გააცნო.

,,2 ნოემბერს, მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ბ-მა ერიკ ჰოგმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება კერსტი კალიულაიდი მიიღო. შეხვედრისას ბ-მა ჰოგმა მოკლედ მოახსენა პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის, როლისა და საქართველოში საქმიანობის შესახებ. შეხვედრისას ბ-მა ჰოგმა ხაზგასმით აღნიშნა მისიის პატრულირების მნიშვნელობა ორი თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ესტონეთის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნო, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ რეგიონიდან მომდინარეობს.

,,გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება." - აღნიშნულია განცხადებაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები