ახალი ამბები
კნოლევში სოციალური დახმარებების აღდგენას ითხოვენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევში სოციალური დახმარებების აღდგენას ითხოვენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი მცხოვრებლები ესაუბრნენ.

მათი თქმით, გასული წლის დეკემბრიდან, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობას დახმარებები მოულოდნელად შეუწყდა, რომლის შემდეგ, ოჯახები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

80-წლამდე ასაკის ევა გელაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, დახმარების აღდგენას ბევრჯერ ეცადა, თუმცა უშედეგოდ. სოციალური დახმარების აღდგენას არც მის მიერ ე.წ. ფორმა #100-ის წარდგენამ უშველა.

,,ეს სტატუსი ძალიან მეხმარებოდა, მაგალითად, წამლებზე. მე ისეთი წამლები მჭირდება, მაგალითად, 4 ამპულაში 75 ლარი გადავიხადე. პენსია მთლიანად წამლებში მიდის" - აცხადებს იგი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურში აცხადებენ. რომ ისინი მხოლოდ შუამდგომლობით შემოიფარგლებიან და ქულთა დათვლის სისტემაში მათი როლი უმნიშვნელოა, თუმცა, სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებიან.

სოფელ კნოლევში მისასვლელი გზა გაკეთდა, გარეგანათება მოეწყო, სასმელი წყლის ჭაბურღილი დამონტაჟდა (თუმცა, ჯერ ჩაბარებულია არა აქვს გამგეობას), ბუნებრივი აირი გაიყვანეს - ამ ჩამონათვალით ქარელის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამაყობს. მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტები სწორედ ადამიანთა კეთილდღეობის მიზნით ხორციელდება.

მიუხედავად ამისა, სოციალური დახმარებების ,,სტატუსჩამორთმეულ" კნოლეველების შემოსავალი არ გაზრდილა. ქარელის გამგეობის მცდელობა, დასახლებული ტერიტორიისთვის მთის სტატუსის მინიჭების თაობაზეც, უშედეგო აღმოჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები