ახალი ამბები
ტინისხიდში შშმ პირებისთვის გათვალისწინებულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შშმ პირთა სარეაბილიტიო ცენტრისთვის შენობის ორივე სართული გარემონტდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ტენდერი 15 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებული კომპანია 90 დღეებში დაასრულებს სამუშაოებს. ჯამში, 165 500 ლარია გამოყოფილი.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გორის გამგეობამ თანხა 2017 წლის პირველ კვარტალში მიიღო. ამ თანხით ტინისხიდში შენობა წლის დასაწყისში უნდა გარემონტებულიყო.

მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა ჩაირიცხა, გამგებელმა დავით ონიაშვილმა საკრებულოს მიმართა თხოვნით, რათა ეს თანხა ასახულიყო ბიუჯეტში. ივნისის თვეში საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა ონიაშვილს აუხსნა, რომ ვიდრე ბიუჯეტში თანხის ასახვას მოითხოვდა, მანამდე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მიეღო:

,,მისი იურისტი რეზო გოგიაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ეს პროცედურები არ იყო საჭირო. დავარწმუნეთ, რომ უცხოეთიდან თანხის ჩარიცხვა ყოველგვარი ნებართვის გარეშე წარმოუდგენილია. საკითხი უკან გაითხოვეს და ამის შემდეგ გატარდა ჩვეულებრივი პროცედურები" - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

11 აგვისტოს, გორის გამგეობამ საკრებულოს, თანხის მისაღებად, ნებართვა სთხოვა. საკრებულომ გამგებელს ნებართვა მისცა. 22 აგვისტოს, ონიაშვილმა საქართველოს მთავრობასაც მიმართა.

ონიაშვილი ამბობს, რომ ამ პროცედურების გაჭიანურება საკრებულოს თავმჯდომარის დამსახურებაა. ამავე დროს, შიდა ქართლის გუბერნატორსაც ადანაშაულებს. ონიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის წერილის ასლი გააცნო, რომლითაც გუბერნატორი მთავრობის წინაშე შუამდგომლობაზე უარს აცხადებს. წერილის მიხედვით, გუბერნატორი 23 აგვისტოს ონიაშვილს უხსნის, რომ ვინაიდან მთავრობას უკვე მიმართული აქვს მთავრობისთვის, გუბერნატორის შუამდგომლობა აღარ იყო საჭირო.

სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრანტის მოპოვების თაობაზე პროცედურების გავლას კვლავ დრო დაჭირდა. ეს თანხა 2017 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დახარჯულიყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პოლონურ მხარეს დამატებითი ვადა მოსთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო.




Print

სტატიის გამოყენების პირობები