ახალი ამბები
მეეზოვე გორის წვიმიან ქუჩებში (PHOTO)
გვიან ღამით, დაახლოებით 2 საათზე, მეეზოვეები გორის ქუჩების დასუფთავებას იწყებენ. ცოცხით ხელში ძირითადად ქალები მუშაობენ, მამაკაცები ნაგავმზიდებზე არიან გადანაწილებულნი. სამუშაო დილის 8-9 საათამდე გრძელდება.

ფოტო წუხელ სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. ქალბატონი წვიმიან ქუჩებს ფოთლებისგან ასუფთავებს. მისი აღჭურვილობა, მხოლოდ, ქურთუკისგან შედგება. სპეცფეხსაცმელი და სხვა, შესაბამისი ტანსაცმელი მას არ გააჩნია. 

გორის მერიის ,,კეთილმოწყობის" სამსახურში, ბოლო მონაცემებით (2017 წლის ივლისი) მეეზოვედ 51 ადამიანი მუშაობს. მტვირთავად კი, 32 მამაკაცი. სამსახურის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ივნისიდან ივლისამდე ქალაქის ტერიტორიიდან 13 ტონა ნარჩენია გატანილი. ამავე ანგარიშის მიხედვით, მაგალითად, 2016 წელს, მეეზოვეებმა ყველაზე მეტი ნარჩენი შემოდგომით გაიტანეს.

ახალი ანგარიში ქალაქის ,,კეთილმოწყობის" სამსახურს და მის ხელმძღვანელს ჯერ არ შეუდგენია, ყოველ შემთხვევაში, საკრებულოს ზაფხულის შემდეგ, ეს საკითხი არ განუხილავს.

,,კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსი გივი კობახიძე ანგარიშში წერს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მეეზოვეებს ეძლევათ ქურთუკები, სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელები. დასუფთავების სამუშაოები ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს, ხოლო მათ სფეროში რუსთაველის, (წყაროსუბანი) გორგასლის, ბესიკის, ფეიქრების, თარხნიშვილის (კომბინატი) ქუჩები არ შედის. ანგარიშში წარდგენილი არაა გაცემული ხელფასების, პრემიების ან დანამატების შესახებ, რაიმე ინფორმაცია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები