ახალი ამბები
ტყვიავის ცენტრში მეხდაცემული მაღალი ძაბვის ბოძი ტყდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მაღალი ძაბვის ბოძი შუაზე ტყდება. მოძველებული ხის ბოძი პავლიაშვილების ოჯახის ნაკვეთზე დგას და, ფაქტობრივად, ელსადენებს უკავია. 

პავლიაშვილები სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის გვერდით ცხოვრობენ. მათ კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას" არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან.

,,არავინ იცის როდის წაიქცევა. შესაძლებელია, რომ წახვალთ, მაშინვე გადავარდეს. ან ქარი ამოქროლდეს და ისიც საკმარისი იყოს" - აცხადებს ნაკვეთის მეპატრონე..

გამგებლის წარმომადგენელი ტყვიავის ადმინისტრაციულ თემში თამაზ დალაქიშვილი ამბობს, რომ ზომები საწრაფო მისაღებია. ,,მით უმეტეს, აგერ თქვენ ხედავთ მეორე ბოძს, რომელიც ასევე გადაწეულია და ხეივანს უჭირავს. მართალია, ბეტონისაა მეორე ბოძი, მაგრამ იმასაც ჭირდება გამაგრება. ამ ხის ბოძს კი, გამოცვლა. მთლიანად დამპალია. ზედ მეხიცაა დაცემული" - აცხადებს თამაზ დალაქიშვილი.

პავლიაშვილების ოჯახს სურს, რომ ბოძი, გამოცვლის შემთხვევაში, ნაკვეთიდან 5 მ მანძილზე გადაიტანონ, სადაც თავისუფალი ადგილია და არავის ეკუთვნის. ,,ჩემ ნაკვეთშივე უნდოდათ გამოცვლა, მაგრამ აქ რომ ტექნიკა შემოვიდეს, მთლიანად განადგურდება ბაღი. ამიტომ, არის საშუალება, რომ ეს მაღალი ბოძი სართოდ გვერდით გადაიტანონ" - აცხადებს ოჯახის წარმომადგენელი.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ერთ კვირაში ბოძი გამოიცვლება: ,,საკითხი ისე გადაწყდება, რომ მოქალაქე არ დაზარალდება." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლებს საკითხი დიდი ხნის წინ ექნებოდათ გადაწყვეტილი, ბოძი კერძო ნაკვეთში რომ არ ყოფილიყო. 

საქართველოს მასშტაბით, ენერგო-პრო ჯორჯიამ ინდივიდუალური გამრიცხველიანება სრულად დაამთავრა. ამჟამად, წარმომადგენლის განცხადებით, თანამშრომელთა რესურსი მსგავს ლოკალურ შემთხვევებზეა მიმართული.











Print

სტატიის გამოყენების პირობები