ახალი ამბები
ქვემო ჭალის ახალი ბიბლიოთეკა 7 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება
7 ნოემბერს კომპანია ,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, გიორგი კეეკლიძესთან ერთად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალის ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ცენტრი გახსნა.

პროექტი ა(ა)იპ „ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისათვის“ მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად განხორციელდა. კომპანია ,,დიო’’-მ ბიბლიოთეკა უმაღლესი ხარისხის გერმანული მეტალოპლასტმასის ფანჯრებითა და ფარდა-ჟალუზებით აღჭურვა.

,,დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი კასპის რაიონისთვის, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აქვს საშუალება ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული მრავალფეროვანი წიგნებით, მიიღოს მაღალი ხარისხის კომპიუტერული და ინტერნეტ - მომსახურება. ამავე სივრცეში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ადგილობრივი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი ურთიერთობების გაღრმავებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.’’ - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალისა და მისი მიმდებარე შვიდი სოფლის (მათ შორის, ქართულ-ოსური) მოსახლეობა დაახლოებით 2 000 ადამიანს შეადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები