ახალი ამბები
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ნიქოზის ამბულატორია მოინახულეს
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) წევრებთან ერთად, დღეს ნიქოზში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა სოფლის ამბულატორია დაათვალიერეს, რომელსაც, 6 წლის წინ, სწორედ მათი მხარდაჭერით ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

იმ პერიოდში სამედიცინო დაწესებულებას საჭირო ინვენტარი და ტექნიკა არ გააჩნდა, დღეს კი, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და, როგორც მისი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ძამუკაშვილი ამბობს, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქართველ და ოს პაციენტებს წარმატებით ემსახურება.

,, ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლების მხარდაწერით ამბულატორიის რეაბილიტაციის პროექტი ორგანიზაცია UNDP-მ განახორციელა. ომიდან ორი წლის შემდეგ, 2010 წლის მიწურულს და 2011 წლის დასაწყისში, ფაქტიურად 4 თვეში გახდა შესაძლებელი სამუშაოები დასრულებულიყო. მაშინ მხოლოდ გარემონტებული შენობა ნახეს, ახლა კი 6 წლის შემდეგ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში განვითარებული და ფუნქციებით დატვირთული ამბულატორიის ინტერიერი. გავიხსენეთ ომის შემდგომი პერიოდი, მიმოვიხილეთ ის ეტაპები ტუ როგორ მოვედით აქამდე და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“ - ამბობს ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

მისივე განმარტებით, უცხოელი სტუმრები ადგილზე არსებული ვითარებით და ადგილობრივების მდგომარეობით დაინტერესდნენ. ამბულატორიის დატოვებამდე კი,  სამედიცინო დაწესებულებას საჩუქრად ბუნებრივი გაზის სანთურა გადასცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები