ახალი ამბები
დღეს გორში საქართველოს ნაკრები ,,კვიპროსთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ,,კვიპროსს" გორში შეხვდება. ამისათვის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი მზადაა. ვლადიმერ ვაისის გუნდი ამხანაგური მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. ,,კვიპროსის" შემდეგ ისინი ბელორუსის ნაკრებს შეხვდებიან.

,,გადავწყვიტეთ ეს თამაშები თბილისის გარეთ, გორსა და ქუთაისში გვეთამაშა, რადგან გულშემატკივარმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ხილვა საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეძლოს." - ამბობს საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი ვლადიმერ ვაისი.

ვლადიმირ ვაისი:
ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩებია, რადგან კვიპროსი და ბელარუსი ისეთი ნაკრებები არიან, რომელთა მსგავს გუნდებთან ერთა ლიგაზე მოგვიწევს თამაში. ორივე თამაშის მოგება გვსურს, ახლა ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ. მომავალი წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვეძლევა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრებში გურამ კაშიაც ითამაშებს, რომლის წინააღმდეგ ,,ქართული მარშის" წევრები დღეს გორში ჩასვლას აპირებენ.

,,გურამ კაშია და ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალები არიან. მათ უყვართ საქართველო და ეროვნული ნაკრები, ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ასეთ პროფესიონალებს და ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით ვიქნები, მითუმეტეს კაშიასი და კანკავასი, რომლებიც ქართული ფეხბურთის საუეკთესო პროფესიონალები არიან." - აცხადებს ვაისი.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველოსა და კვიპროსის მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 10 ნოემბერს, 17 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები