ახალი ამბები
დევნილთა კორპუსების მშენებელ კომპანიას საჯარიმო სანქციები დააკისრეს
გორში, კომბინატის დასახლებაში დევნილებისთვის გათვალისწინებული კორპუსების სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ამის მიზეზი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

კომპანია ,,ტრანსმშენს" სანქციები დაეკისრა, რადგან მას კორპუსების მშენებლობა 2017 წლის 11 აგვისტოს უნდა დაესრულებინა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროდან მიაწოდეს.

,,სამუშაოები, გაფორებული ხელშეკრულების მიხედვით  მიმდინარე წლის 11 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება, რის გამოც სამუშაოებს აღნიშნული კომპანია საჯარიმო სანქციებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება." - გვატყობინებენ უწყებიდან.

სამინისტოდან მიღებული წერილის მიხედვით, ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველ დევნილ ოჯახთა განაცხადების მიღება დასრულებულია.

,,ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგი, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა, სადაც განიხილება იმ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი, რომლებსაც განაცხადები შევსებული აქვთ ქ. გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ობიექტზე.“- აღნიშნულია სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

480 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილ ობიექტზე მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ს ს ,,ტრანსმშენი“ ახორციელებს. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, აღნიშნული კომპანია დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებს, ამიტომ Qartli.ge მისი წარმომადგენლებითაც დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ მისი გენერალური დირექტორი (ნავთობისა და გაზის კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი) ირაკლი შენგელია 2016 წლის ივნის-ივლისში პოლიტიკური პარტიების (ახალი საქართველო და წარმატებული საქართველოს) შემომწირველია, სულ 8000 ლარით. ხოლო აღნიშნული კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გვარამაძეს 2016 წლის 25 გვისტოს 10 ათასი ლარი ,,ქართული ოცნებისთვის“ აქვს შეწირული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები