ახალი ამბები
გორში ვაინახური კულტურის დღეები საზეიმოდ დაიხურა
დღეს გორში ვაინახური კულტურის დღეები დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. ვაინახურ-ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის თქმით, კულტურის დღეების საუკეთესო ნაწილი, სწორედ, დღევანდელი შეხვედრა წარმოადგენდა.

თავდაპირველად, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "ქისტები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, მწერლობასა და პოეზიაში". შემდეგ მოეწყო შეხვედრა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან - ამირან არაბულთან, ეთერ თათარაიძესთან, , თინათინ მღვდლიაშვილთან, ერეკლე საღლიანთან, ლელა თათარაიძესთან და სხვ..

,,კულტურის დღეები" 6 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენით და ანსამბლ "პანკისის" კონცერტით გაიხსნა.

მკითხველები გაეცნენ ვაინახურ თემაზე შექმნილ წიგნებს: "ქისტები", "აბრაგები", "ქისტური ადათ-წესები", "ვაინახების ხელოვნება", "მონადირის მოგონებები", "ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში" და სხვა.

ქისტმა უხუცესებმა ხასო ხანგოშვილმა და ზაურ გუმაშვილმა წაიკითხესნ საჯარო ლექციას თემაზე "ქისტები - წარსული, აწმყო და მომავალი, მათი ადათ-წესები და რელიგიური მრწამსი, ქისტების როლი საერთო კავკასიური კულტურისა და ურთიერთობების განვითარების საქმეში"; ზელიმხან წუწაშვილმა კი ისაუბრა ქისტების ადათობრივი კოდექსის შესხებ.

8 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია"კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა იზა ბექაურმა ისაუბრა ქისტ ქალთა საბჭოს და მათი როლის შესახებ პანკისის ხეობის განვითარებაში სფეროში. უჩვენეს პანკისსა და ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლები. დუისის საჯარო სკოლასთან არსებულმა საბავშვო თეატრის დასმა სპექტაკლი "ღია შუშაბანდი" დადგა. 10 ნოემბერს, კულტურის დღეები სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდა.

ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები