ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე საარჩევნო უბანზე
94 წლის ასაკის ივანე შახპარუნოვმა ხაშურის 23-ე საარჩევნო უბანზე მერის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, რომელიც 88 წლის ასაკამდე სოფელ ალის სამოქალაქო ავიაციის რადიოსადგურის უფროსად მუშაობდა.

მისი ოჯახის წევრების განცხადებით, ივანე შახპარუნოვი სევასტოპოლის ბრძოლებში მონაწილეობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სოფელში რადიოსადგური შექმნა და 1950 წლიდან უფროსადაც მუშაობდა.

6 წლის წინ სამოქალაქო ავიაციის ნავიგაციის სადგური შვილს გადააბარა. 

ივანე შახპარუნოვი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ რამდენიმე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საუბნო კომისიის წევრების განცხადებით, ომის მონაწილემ გადასატანი ყუთის სარგებლობაზე უარი განაცხადა.

დღეს ხაშურში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)
Print

სტატიის გამოყენების პირობები