ახალი ამბები
გორის ცენტრში მამაკაცი მანქანაში გარდაიცვალა
დღეს, საღამოს, დაახლოებით 17 სთ-ზე შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაიცვალა. პოლიცია საქმის დეტალებზე არ საუბრობს. მათ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა, მათი განცხადებით, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. მუქის ფერის მანქანა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა, რომლითაც მძღოლი ტაქსაობდა.

,,გამოძახება დაფიქსირდა 17:06 წუთზე. ჩვენი ბრიგადა ადგილზე 17:11 წუთზე მივიდა, თუმცა მოქალაქე გარდაცვლილი იყო უკვე" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო დახმარების ცენტრში. მათი განმარტებით, შეჯახების შემთხვევა არ ჩანდა, რადგან სავარაუდოდ მანქანა მამაკაცმა, ცუდად გახდომის გამო, მოძრაობისას გვერდით გადააყენა, თუმცა, გზის გამყოფი ზოლის აღმნიშვნელი ყვითელი ფერის ბოძები წაქცეული იყო.

გამოძიება გარდაცვალების მიზეზს ადგენს. გარდაცვლილი 1959 წელს დაბადებული მამაკაცია და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები