ახალი ამბები
გორის პოლიცია მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს ყოფილი მეუღლის ცემაში ადანაშაულებს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პოლიციის მტკიცებით, დაკავებისას მამაკაცი ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.)

შსს-ს განმარტებით, THC (დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი) მოქმედებს ტვინის იმ ნაწილების რეცეპტორებზე, რომელიც დაკავშირებულია კონცენტრირებასთან, მეხსიერებასთან, შემეცნებასთან, კოორდინაციასთან, ქცევის კონტროლთან. კანაფის მოხმარების შედეგად, გულისცემა გახშირებულია, ზოგჯერ გაორმაგებული; სასუნთქი გზები მოდუნებულია და გაფართოებული; თვალები გაწითლებულია, სისხლძარღვების გაფართოების შედეგად. კანაფის მომხმარებელი განიცდის ეიფორიას და მოდუნებას, მაგრამ, ზემოქმედების ეფექტის გასვლის შემდეგ, ზოგი დეპრესიული ხდება, ზოგი - აღგზნებული ან შეშინებული, ზოგს აწუხებს პარანოიდული აზრები ან მწვავე ფსიქოზის განცდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები