ახალი ამბები
გორის მერმა მოადგილეები წარადგინა - პირველი მოადგილე ექიმებმა ჰოსპიტალიდან არ გაუშვეს
დღეს გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მოადგილეები წარადგინა. საგანგებო ბრიფინგს მხოლოდ ვიცე-მერის კანდიდატი გელა კაპანაძე არ დაესწრო. ის ჯერ კიდევ გუშინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ხოლო დღეს გორის ჰოსპიტალიდან ექიმებმა არ გაუშვეს.

,,თავს შეუძლოდ ვგრძნობ" - გვითხრა გელა კაპანაძემ გუშინ, რომელიც გორის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო. იგი ,,ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერია და საკრებულოს წევრის მანდატიც მოპოვებული აქვს. დღევანდელი ამბის შემდეგ, მას საკრებულოს დატოვება მოუწევს.

გელა კაპანაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, ორი კვირით ადრე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პირველი მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის თაობაზე კაპანაძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან დავით ონიაშვილი 21 სექტემბრიდან ,,შენების მოძრაობის წევრი იყო, ხოლო გელა კაპანაძე, - ,,ქართული ოცნების". გამგებლის პირველ მოადგილემდე 2012 წლის არჩევნების პერიოდში, იგი ,,ინფო9"-ის მედიაჯგუფის წევრი იყო.

წარდგინებას დანარჩენი ორი მოადგილე - ეკატერინე სუხიშვილი და ალექსი მარიამიძე დაესწრნენ. კოტე თავზარაშვილი რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ბრიფინგი, სწორედ, მოადგილეების გაცნობას ისახავდა მიზნად.

ეკატერინე სუხიშვილი განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს ჩაიბარებს. მან ევრორეგიონული უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობა დატოვა და ამბობს, რომ მერის მოადგილის რანგში უფრო მეტ ადამიანს მოუტანს სიკეთეს.

რაც შეეხება ალექსი მარიამიძეს, იგი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამსახურის თანამშრომლებს დღესვე დაემშვიდობა. ალექსი მარიამიძე თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები