ახალი ამბები
,,ცხინვალის ლიახვს" სტადიონზე სავარჯიშოდ ფეხბურთელების ტრანსპორტირების თანხა ამოეწურა
საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის ლიახვს" ფინანსური პრობლემები აქვს. ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელი გია დათაშვილი ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართავს. მისი თქმით, 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ფეხბურთელები სტადიონზე სავარჯიშოდ ვეღარ ივლიან.

ამის მიზეზი სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრები ფეხბურთლების ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული ხარჯების ამოწურვა გახდა. ტრანსპორტირებისთვის წლის განმავლობაში 5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. კლუბი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეკუთვნის.

კლუბს სტადიონი დუშეთში აქვს დაქირავებული, რომელიც შპს ,,ოლიმპიურ სახლს" ეკუთვნის. 30 ნოემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი ამ სტადიონსაც დატოვებენ, რადგან ხელშეკრულების ვადა იწურება.

,,კლუბის პერსონალი და ფეხბურთელები ჩასახლებული არიან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გუნდს არა აქვს საკუთარი სტადიონი და სავარჯიშო ბაზა, რის გამოც მთელი სეზონის მანძილზე გვიხდება ვარჯიშისათვის საფეხბურთო სტადიონის ქირავნობა, კერძოდ 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშობენ შ.პ.ს. „ოლიმპიური სახლი“-ს საკუთრებაში არსებულ სტადიონზე, რომელიც ტერიტორიულად მდებარეობს ქ. დუშეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე გვიწევს ფეხბურთელების ტრანსპორტირება თბილისიდან დუშეთში და უკან." - წერს გია დათაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტს.

კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო დიღმის მასივში ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანზეც შეწყვიტა ვარჯიშობა, რომელიც  ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები