ახალი ამბები
უცხოელი მოხალისეები გორელ ახალგაზრდებთან კონფლიქტის თემაზე გაკვეთილებს ჩაატარებენ
„კონფლიქტები მსოფლიოს გარშემო“- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გორში ორი თვის განმავლობაში განხორციელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დაესწრონ შეხვედრებს, სადაც EVS-ს მოხალისეები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ანნა კარნერა და კამილა როსი იტალიიდან არიან. Qartli.ge-სთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ დაგეგმილ ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა განსაკუთრებით ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროექტი კონფლიქტურ რეგიონში უნდა განხორციელდეს ორმაგად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის. აუცილებელია ახალგაზრდებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ რამ წარმოშვა კონფლიქტი ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორ აღადგინეს ურთიერთობები მხარეებმა დ როგორ ინარჩუნებენ ისინი დღემდე მშვიდობას. ახალ თაობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია დაგეგმილ შეხვედრებში უფროსი თაობის ადამიანების მონაწილეობაც. ეს პროექტი მათ მისცემს საშუალებას გაეცნონ სხვა ტიპის კონფლიქტებს, გააანალიზონ სხვა ქვეყნების გამოცდილება და დადებითი კუთხით შეხედონ მომავალს.

კონფლიქტის თემატიკის პარალელურად მოხალისეები ცალკე ჯგუფს აყალიბებებენ ინგლისური ენის შესასწავლადაც. ამ პროექტში უკვე პოლონელი მოხალისეებიც ჩაერთვებიან. მათი ინფორმაციით, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება, თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივ სასწავლო გაკვეთილები, როგორც ეს რეპეტიტორებთან ხდება.

,,დაგეგმილი ინგლისური ენის გაკვეთილები მიზნად ისახავს დამწყებებმა უახლოეს თვეებში ინგლისურად შეძლონ საუბარი, დისკუსიებში ჩაერთონ და საკუთარი აზრის დაფიქსირება შეძლონ. ჩვენი შეხვედრები ინგლისურენოვანი იქნება და ვისაუბრებთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, განვიხილავთ საინტერესო თემებს და ამით ინგლისური მეტყველების უნარის ამაღლებას და დახვეწას შევძლებთ“-ამბობს EVS-ს პოლონელი მოხალისე ალიცია შტომკა.

ორივე პროექტი მონაწილეებისთვის სათანადო სერტიფიკატის გადაცემას ითვალისწინებს. შეხვედრებს მასპინძლობას მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ უწევს. დაინტერესებულ პირებს 20 ნოემბრამდე შეუძლიათ სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს, ანა ჯებისაშვილს დაუკავშირდნენ. (ტელ: 591016584).

Print

სტატიის გამოყენების პირობები