ახალი ამბები
ქვახვრელის სასმელი წყლის ,,მილიონიანი პროექტის" განახლებაზე ხელი მოაწერეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის ,,მილიონიანი პროექტის"  სამუშაოები 5 დღეში განახლდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის ახლადარჩეულმა წარმომადგენელმა საკრებულოში, დავით ადუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ გაჩერებული სამუშაოები განახლდება, რადგან ახალ კომპანიასთან მერიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება.

მუშაობას ამჯერად ,,გეოპლასტი" შეუდგება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2018 წლის 14 თებერვალს უნდა დაასრულოს.

პროექტის დასკვნითი ნაწილი მოიცავს ხარვეზების აღმოფხვრას, მილების მოწესრიგებას, მრიცხველების დამონტაჟებას, რეზერვუარის და მილების შიდა ქსელების მიერთებას და საბოლოოდ ექსპლუატაციაში გაშვებას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტი 2016 წლის 26 დეკემბერს უნდა დამთავრებულიყო. პირველი ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის 26 ივნისს დაიწყო. იმჟამინდელმა გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა, თუმცა 800 000 ლარი აითვისა 880 000 ლარიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები