ახალი ამბები
ჭვრინისთან ,,მწვანე ღობე" და ჭიშკარი დაამონტაჟეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჭვრინისთან, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს,  ,,მწვანე ღობე" დაამონტაჟეს. ამის შესახებ გუშინ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელმა პროტესტი გამოთქვა.

კახა ქემოკლიძის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს უკანონოდ აგრძელებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

გარდა ამისა, შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, ასევე მონაწილეებმა ისაუბრეს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების კონკრეტულ საქმეებზე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას იმ წესებს ახსენებს, რომლითაც ე.წ. სასაზღვრო ზონაში მიმოსვლისას უნდა იხელმძღვანელონ: ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით სასაზღვრო ზონა შეიქმნა და იქ მიმოსვლის წესები დადგინდა, კვლავაც, საზღვრის დარღვევის ფაქტები ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებულია" - აცხადებს დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური.

მისი განცხადებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტის მქონე პირებს სასაზღვრო ზოლში ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო, უცხოეთის მოქალაქეებმა პირადად ან ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით, ცხინვალის უშიშროების კომიტეტის უნდა მიმართონ. დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ჩივის, რომ ამ წესებს არ იყენებენ.

ფოტოები: გადაღებულია იზო ჩუბინიძის მიერ

Print

სტატიის გამოყენების პირობები