ახალი ამბები
,,მძღოლების კორპუსში" ჩივიან, რომ სასმელ წყალს ჭიები მოსდევს
გორში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე ,,მძღოლების კორპუსში" ერთ-ერთმა მცხოვრებმა სასმელ წყალში ჭიები აღმოაჩინა. ამის თაობაზე მოქალაქემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობა და ფოტო/ ვიდეომასალა მიაწოდა.

მისი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა და ითხოვს დროულ რეაგირებას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე რამდენიმე ოჯახთან ინფორმაცია გადაამოწმა. მათი განცხადებით, მსგავს შემთხვევას არ დაკვირვებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ წყალს სპეციფიკური სუნი უდის, ოღონდ არა ქლორის.

ამხანაგობის თავმჯდომარე დალი გოდერძიშვილი ამბობს, რომ მასთან საჩივრით ამის თაობაზე არავინ მისულა. მისი თქმით, შესაძლებელია, კონკრეტულ ოჯახს მოტორის მილი დაზიანებული აქვს და ჭიები იქიდან იპარება.

,,ამ პიროვნებამ აუცილებლად უნდა მოგვმართოს, რათა რეაგირება მოვახდინოთ და შევამოწმოთ მისი სისტემა. ცენტრალური მილი მთლიანად გამოცვლილია" - აცხადებს დალი გოდერძიშვილი. მოქალაქე, რომელმაც სასმელ წყალში ჭიების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, საჯაროდ გამოჩენისგან თავს იკავებს.

ფოტოზე: ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი ფოტომასალა

Print

სტატიის გამოყენების პირობები