ახალი ამბები
სულზე 50 თეთრი - თანხის ამოღება ძველი მეთოდით

 

საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ ქოსაშვილმა წამოჭრა. ,,მაგალითად, 6 სული ვართ სახლში და ქვითრები სულადობით მოგვივიდა" - განაცხადა ქოსაშვილმა.

 

,,ეგრე არ არი რა" - დამაჯერებლად უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ბუღაძემ. ,,50 თეთრი გათვალისწინებულია 4 სულამდე, 4 სულის ზევით ყველას ორი ლარი მისდის ოჯახში" - განაცხადა  ბუღაძემ.

 

ხათუნა თათანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს შეახსენა, რომ საკრებულოს მიერ 2007 წელს მიღებული განკარგულება დღესაც ძალაშია.

 

,,იმასაც, რასაც ბატონი თავმჯდომარე ამბობს, არასწორია. განკარგულება, რომელიც ძველმა საკრებულომ მიიღო, დღესაც ძალაშია. იქ, სწორედ, სულადობრივი გადასახადია გათვალისწინებული. მის შემდეგ იმ განკარგულებაში ცვლილება არ შესულა. გამოდის, რომ ისევ ძველი მეთოდით ვმუშაობთ, რის შეცვლაც ხალხმა გვთხოვა" - აღნიშნა თათანაშვილმა.

 

კასპის საკრებულოს სხდომა, სადაც ეს საკითხი წამოიჭრა, რიგით მეხუთე იყო 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. თათანაშვილი გაოცებულია იმით, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ცვლილების შესატანად, ამ დრომდე ვერ ,,მოახერხა" საკითხის ინიცირება საკრებულოში.

 

,,ორი თვე გავიდა, რაც ეს ქვითრები მოსახლეობას მისდის, ეხლა კიდევ ერთი თვე უნდა გელოდოთ? ამასობაში მოსახლეობიდან 3 თვის თანხა აიკრიფება" - აღნიშნა თათანაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები