ახალი ამბები
წმინდაწყალზე 9-სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე სადენებს ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, გორში, წმინდაწყალზე, 9-სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, სადარბაზოში, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ელგაყვანილობის სადენებს მოეკიდა და ფიცრებისგან გაკეთებული ჯიხური დაიწვა

იმ დროს, იმავე სართულზე, ორი შვილის დედა სახლში იყო. კარების გაღებისთანავე გრძელ დერეფანში ცეცხლი შენიშნა. კვამლმა ბინაში შეაღწია. მეხუთე სართულის ზევით მცხოვრებლები კი, ბინიდან ვერ გამოდიოდნენ.

,,მაშინვე გავაღეთ ფანჯრები. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. რაც დავინახე, იყო ის, რომ ცეცხლი ეკიდა დერეფანში და ეს შავი კვამლი შემოვიდა სახლში. ჩემ პატარებს ეძინათ მაგ დროს" - ამბობს ქალბატონი.

ხის გარდა, ცეცხლი რეზინისგან დამზადებულ სადენებს ეკიდა.

,,დღის მეორე ნახევარი იყო, როცა ხმა მოგვესმა. ფაქტიურად, გადავრჩით. ეს რომ ღამე მომხდარიყო, შეიძლება გავგუდულიყავით" - გვეუბნება ერთ-ერთი მცხოვრები.

ამჟამად, კორპუსის მეხუთე სართულის ზევით, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. რეზინის წვისგან გამოწვეული სუნი სადარბაზოში ისევ ტრიალებს. კვამლისგან არავინ მოიწამლა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი მალე ჩააქრეს. ხის ჯიხური მთლიანად დაიწვა. თავდაპირველი ვერსიით, სადენებზე მოკლე ჩართვა მოხდა. ამ სადენებზეა მიერთებული ლიფტიც.

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ელსადენებს ხვალ მაინც აღადგენენ. ,,დღეს კვირაა და არავინ ვმუშაობთო" - უთხრეს კორპუსის მცხოვრებლებს. 




ფოტოზე: განათებული კორპუსი მეხუთე სართულამდე




ფოტოზე: ამ ადგილას ხის ჯიხური იდგა, რომლსაც კარები ჰქონდა და რომლითაც მონტიორი სარგებლობდა





ფოტოზე: დამწვარი სადენები, განათებულია მეოთხე სართული







ფოტო: გადაღებულია მეხუთე სართულის სადარბაზოში
Print

სტატიის გამოყენების პირობები