ახალი ამბები
ხიდისთავში წყლის მშენებლებმა ხეხილის ბაღი გაანადგურეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში რიტა ღვინიაშვილის ხეხილს ბაღის დიდი ნაწილი გაანადგურეს. კომპანია ,,ალგეთის" სამშენებლო ტექნიკა ნაკვეთში მეპატრონის დაუკითხავად შეიყვანეს.

დირექტორი შალვა შალვაშვილი ამბობს, რომ მან იმ ნახაზების მიხედვით იმოქმედა, რომელიც დამკვეთმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიაწოდა. გამგეობა ამჟამად ლიკვიდირებულია და ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს.

რიტა ღვინიაშვილი ამბობს, რომ მას ადგილზე არც ნახაზების შემდგენი უნახავს, არც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს აუხსნიათ რამე:

,,დღე ვმუშაობ გორში, მერე სოფელში მივდივარ. საღამოს რომ ჩავედი სოფელში, საშინელება დამხვდა ნაკვეთში. გადათელილია ყველაფერი" - ამბობს რიტა ღვინიაშვილი. მისი განმარტებით, ნაკვეთი ჯერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არა აქვს, თუმცა სარგებლობს წლების განმავლობაში.

პროექტი ისეა შედგენილი, რომ ნახაზზე მხოლოდ წყლის მილების აღმნიშვნელი წითელი ხაზებია გავლებული. ფაქტობრივად, სათავე სოფელ ატენის შესასვლელში არსებული წყაროსთან იწყება, შემდეგ ქვემოთ ეშვება, კვეთს მდინარე ტანას და გრძელდება ხიდისთავის ბაღებში. ნახაზების მიხედვით, წყაროდან გამავალი მილი მდინარე ტანას სხვა ადგილას კვეთს.

,,გაარკვიოს გამგეობამ, ნახაზები მათ მოგვაწოდეს. თუ დასაჯარიმებლები ვიქნებით, კი ბატონო, დაგვაჯარიმონ" - აცხადებს კომპანიის დირექტორი

ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი 2017 წლის 25 აგვისტოს გამოცხადდა. საწყისი ფასი 382`518 ლარი იყო. რუსთავში რეგისტირებულმა ,,ალგეთმა" ამ ტენდერში 294`999 ლარად გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასამარჯვებლად 87 ათასი ლარი დააკლო.












Print

სტატიის გამოყენების პირობები