ახალი ამბები
წრომში საბავშვო ბაღის ნაცვლად სოფლის გამგებლის ოფისი გაარემონტეს
,,2016 წელს სოფელ წრომში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებულია ალტერნატიული საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 51,2 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ საბავშვო ბაღი განლაგებულია, სოფლის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე, ხოლო სარემონტო სამუშაოები შესრულებულია მეორე სართულზე, სოფელში გამგებლის წარმომადგენლის (სოფლის ადმინისტრაციის) მიერ დაკავაბულ ფართზე." - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 2017 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნდა და ხაშურის გამგეობის 2015-2016 წლების მუშაობას ეხება.

ამასთან აუდტის სამსახურის სპეციალისტები აღინიშნავენ, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებულია შენობის სახურავის შეცვლა, რომელიც ასევე საბავშვო ბაღსაც ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი გახარჯულია ადმინისტრაციის მიერ დაკავებული ფართის სარეაბილიტაციოდ.  საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხა შეადგენს წრომის თემში შემავალი 7 სოფლისათვის განსაზღვრულ სახსრებს.

აუდიტის სამსახურის ძირითადი მიგნებები

2015-2016 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 1 712.0 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 1 462.7 ათასი ლარი. მათ შორის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გახარჯულია 173,3 ათასი ლარი ისეთ პროექტებზე (საბავშვო ბაღისა და სარიტუალო სახლის მშენებლობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა, წყლის სისტემის და კულტურული ცენტრის მოწყობის სამუშაოები), რომლებიც დაუსრულებელია. შედეგად, მისაღები სიკეთით ვერ სარგებლობს მოსახლეობა.

• 2016 წელს შპს „სუპერ ჯგუფი ლდბჯ“-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ ხცისსა და ახალშენში წყლის ქსელის მოწყობას, ღირებულებით 120,0 ათასი ლარი. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე შესრულდა ლაბორატორიის შენობისა და წყლის გაუსნებოვნების ელექტროქიმიური აქტივაციის ტექნოლოგიური სისტემის მშენებლობა, რაზეც გახარჯულია 75,8 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ წყლის გაუსნებოვნების ლაბორატორია არ ფუნქციონირებს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ლაბორატორია არ არის შესული ექსპლოატაციაში ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ლაბორატორიის ექსპლოატაციისათვის საჭირო სახსრები და ასევე, არ ყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მომსახურე პერსონალი. შედეგად მოსახლეობა ვერ იღებს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯის შესაბამის სარგებელს.

• 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტს ნაშთად ერიცხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წინა წლებში შეძენილი სამშენებლო მასალები, საერთო ღირებულებით - 66,3 ათასი ლარი, რომლებიც დასაწყობებულია და არ გამოიყენება. შედეგად, მოსახლეობა ვერ იღებს იმ სარგებელს, რომელიც უნდა მიეღო შეძენილი მასალების გამოყენებით შესრულებული სამუშაოებიდან. მათ შორის 18,7 ათასი ლარის სამშენებლო მასალები შეძენილია 2012 წელს. მასალების ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ მათი ნაწილი (ცემენტი დაახლოებით 16 ტ, საღებავები) გაფუჭებულია და უვარგისია გამოსაყენებლად.

• 2015-2016 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე, ხარჯების ანაზღაურების სახით, სულ გაცემულია 145,0 ათას ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ხარჯები ანაზღაურებულია ისე, რომ მათ მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2016 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოახერხა აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და მათი შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტებთან. იმის გათვალისწინებით, რომ გამგეობა არ ახორციელებს ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, არსებობს მაღალი რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები.

რეკომენდაციები: • მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს თუ რამდენად შესაძლებელია პროქტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები