ახალი ამბები
,,პარლამენტარის ქვისლის მამაა" - კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლეონიძე აირჩიეს
კასპის 34-წევრიან საკრებულოში დავით ლეონიძის კანდიდატურას მხარი 27-მა წევრმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა, დანარჩენებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

ფარული კენჭის ყრის შედეგად, ის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, ახლადარჩეული თავმჯდომარე კასპს არ იცნობს, არ არის ადგილობრივი და, შესაბამისად, რაიონის ინტერესებს არ გაითვალისწინებს.

,,უფრო მეტიც, ის ნათესავია კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარის ირაკლი მეზურნიშვილის. სწორედ, ამ ნიშნით შეარჩიეს" - აცხადებს ნონიაშვილი. დავით ლეონიძე ამბობს, რომ კასპი მისი დედულეთია. ,,მე თუ ვიცნობ ირაკლი მეზურნიშვილს, მადლობელი ვარ, რომ ვიცნობ" - განმარტა მან.

დავით ლეონიძე ,,ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. 

შეგახსენებთ, დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა. საკრებულოში 19 მაჟორიტარი წევრია - ყველა ,,ქართული ოცნებიდან", რაც შეეხება პროპორციულ წევრებს, აქედან 9 წევრი - ,,ქართული ოცნება".

2-2 წევრი ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას" და ,,პატრიოტთა ალიანსს", 1-1 წევრი ჰყავს ,,ბაქრაძე-უგულავას" და ,,ლეიბორსიტულ პარტიას".

Print

სტატიის გამოყენების პირობები