ახალი ამბები
ცხინვალში 28 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს
,,ახალი ისტორია 28 წლის წინ დაიწყო' - ასე ასათაურებს ცხინვალის მედია დღევანდელ აქციას, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გაიმართა.

ეს აქცია ,,სიმამაცისა და ერთიანობის დღის" აღსანიშნავად გაიმართა, რომელიც 1989 წლის მოვლენებს უკავშირდება. ამ დღეს, ქალაქში, ,,ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომლებიც ერთი წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მშვიდობიანი მიტინგი უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

1989 წლის 23 ნოემბერს, დედაქალაქიდან მოძრავ კოლონას სოფელ ერგნეთთან ჯავშანტექნიკა დახვდათ. როგორც შემდეგ მაშინდელი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იხსენებდა, შინაგანი ჯარების წარმომადგენლებმა ცხინვალში სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, ,,ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

სამხედრო ფორმიანების ორ მხარეს - ,,ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლები და ცხინვალელი, ეთნიკურად ოსი მოქალაქეები დადგნენ. ,,ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლები ცხინვალში შესვლას ითხოვდნენ, ხოლო სამხედრო ფორმიანების მეორე მხარეს მყოფი ცხინვალელები - წინააღმდეგები.

,,მხედრიონის" ლიდერის ჯაბა იოსელიანის მემუარების მიხედვით, საქართველოს სსრ კომპარტიის ხელმძღვანელმა გივი გუმბარიძემ და ,,ეროვნული მოძრაობის" ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ ცხინვალში მიტინგის ჩატარება გადაიფიქრეს. ჯაბა იოსელიანი წერს, რომ ცხინვალში, ლენინის მოედანზე მისი სამხედროები იყვნენ გამგრებული, რომელსაც მშვიდობიანი მიტინგის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო.

დღეს, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ ქართველთა ,,ნაციონალისტური" ჯგუფის წევრები ეთნიკური ოსების იდენტობის წაშლას ცდილობდნენ. ზღუდერის გორაზე გამართულ დღევანდელ მიტინგზე სიტყვით დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ტარზან კოკოევი გამოვიდა:

,,ათწლეულების მანძილზე მტრები ცდილობდნენ, ტერორისა და დევნის გზით, ეროვნულ იდენტურობის წართმევას: ჩვენი ანბანი შეცვალეს ქართულად, ჩვენი სახელები შეცვალეს ქართულად და გაანადგურეს ჩვენი ინტელიგენცია. ზუსტად 28 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, ჩვენთვის ახალი ეპოქა დაიწყო" - განაცხადა მან, რომლის მთავრობას მხარს რუსეთის ხელისუფლება უჭერს.

იხ. ამავე თემაზე


Print

სტატიის გამოყენების პირობები