ახალი ამბები
,,გრაკლიანი გორაზე" უძველეს წარწერას და სანაცრე ორმოს კონსერვაცია ესაჭიროება
,,გრაკლიანი გორაზე" აღმოჩენილ უძველეს დამწერილობის ნიმუშს და სანაცრე ორმოს კედლებს სასწრაფო კონსერვაცია ესაჭიროება. ამის შესახებ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს აცნობა.

მისი განცხადებით, ცენტრალური წარწერის დასავლეთ ნაწილში დაზიანების ნიშნები 2017 წლის 15 ნოემბერს გაჩნდა, რაც მარცხნიდან პირველი ასოს გაბზარვასა და იატაკის დეფორმაციაში გამოიხატა. დაზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წარწერები შესრულებულია დაბალი ხარისხის, საშუალო და მსხვილი ფრაქციის ქვიშანარევ თიხაზე.

,,სააგენტოს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ იმავე დღესვე ადგილზე იქნა დათვალიერებული არსებული ვითარება. დადასტურდა წარწერის დაზიანების ხარისხის სიმძიმე. სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება წარწერის გადაუდებელი კონსერვაციის ორგანიზების თაობაზე." - აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

2016 წლის ზაფხულში აღმოჩენილი უძველესი წარწერის დასაცავად, არქეოლოგიური პრაქტიკისა და კვალიფიციური სუბიექტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, მოხდა წარწერის დამუშავება და გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიება. ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, წარწერა გადახურულია და დაცულია ყოველგვარი ნალექისაგან, ეგვიპტოლოგიის ქიმიური ლაბორატორიის რეკომენდაციის შესაბამისად, წარწერა დაფარულია მშრალი სილის ფენით.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რეალური საფრთხე ექმნება გრაკლიან გორაზე (ეროვნული კატეგორიის ძეგლი), საქართველოში და კავკასიაში აღმოჩენილ უძველეს წარწერას, რომელიც უნიკალურია და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მეცნიერებაში.

,,წარწერის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა ქართული ცივილიზაციის ისტორია, ამასთან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს საზოგადოდ, ძველი ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და გავრცელების ისტორიაში. კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება და ზრუნვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. უძველესი წარწერის დაზიანებით საფრთხე სახელწიფოს იმიჯს." - აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაცია წებოვანი ხსნარით (SEKUNDENKLEBER) მოხდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები