ახალი ამბები
წინასწარ შერჩეულ ადგილებს კოპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები დაასუფთავებენ
ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს, პარტნიორობით დაინტერესებული კომპანიები, ორგანიზაციები და კერძო პირები შეარჩევენ კონკრეტულ ტერიტორიას (იქნება ეს გზის მიმდებარე მონაკვეთი, მათთან ახლოს მდებარე პარკი, სტადიონი თუ სხვა) და მათ მოვლა - პატრონობაზეც აიღებენ პასუხისმგებლობას.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განუცხადეს. გუბერნატორის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ედიშერაშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია თავად დაასუფთაოს.

CENN - ის წარმომადგენლებმა, ნინო შავგულიძემ და ნინო თევზაძემ, მათ ამ მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიის ,,ჩვენ გარემოსთვის'' (WMTR II) დეტალები გააცნეს. ,,კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე სისუფთავის შენარჩუნებას კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. " - აღნიშნავენ ისინი.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, კამპანიაში ჩართვის მიზნით, მზადყოფნა გამოთქვეს.

,,ეს კამპანია ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე ჩვევების დანერგვას." - აღნიშნა ნინო შავგულიძემ.

(WMTR II) პროგრამის წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს მთელ რიგ პასუხისმგებლობებს აკისრებენ. ეს ეხება როგორც მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე არალეგალური ნაგავსაყრელების გაწმენდას, ნარჩენების შეგროვების და ტრანსპორტირების სისტემების ოპტიმიზაციას, ნარჩენების არალეგალური განთავსების ჯარიმებს, სწორი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

(WMTR II) პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.



ფოტოზე: მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები


Print

სტატიის გამოყენების პირობები