ახალი ამბები
კვერნაკის დასახლებაში ორ ქუჩაზე ბუნებრივი აირი დიდი წნევით მივიდა
ლეონიძისა და შევჩენკოს ქუჩებზე, მოსახლეობის ნაწილის საცხოვრებელი ბინები ხანძარს გადარჩა. ამის მიზეზი დიდი წნევით ბუნებრივი აირის მიწოდება გახდა.

რამდენიმე ოჯახში ქურა ჩართული იყო, როდესაც ცეცხლი გაძლიერდა. რეგულატორებმა სისტემა ავტომატურად გათიშეს. მეორე დილით, სისტემა ჩართეს, თუმცა საღამოს საათებში, კვლავ, ავტომატურად გამოირთო.

,,სოკარ გაზის" წარმომადგენლები უსაფრთხოების მიზნით, ორივე ქუჩაზე ბუნებრივი აირის მიწოდებას,  საღამოს საათებში აღარ ახდენდნენ.

წნევის პირველი ცვალებადობა ხუთშაბათს, 23 ნოემბერს დაფიქსირდა. მიუხედავად საავარიო სიტუაციისა, ორივე უბანზე, მეორე დღეს, სარემონტო სამუშაოებისთვის არავინ გამოცხადებულა.

კვერნაკის დასახლებაში გუშინ, 25 ნოემბერს, გვიან საღამოს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მოსახლეობა დროულ რეაგირებას ითხოვდა, რადგან საცხოვრებელ ბინებში გათბობა არ ჰქონდათ. ისინი ასევე ჩიოდნენ, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე არავინ პასუხობდა.

,,სოკარ გაზში" შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ სავარაუდოდ რეგულატორებია დაზიანებული. ,,ჩვენი ჯგუფი სწავლობს დაზიანების მიზეზს. თუ დადგინდა, რომ ნამდვილად რეგულატორების ბრალია, აუცილებლად, შემჭიდროვებულ ვადებში გამოვცვლით. საღამოს იმიტომ ვრთავთ გაზს, რომ რაიმე უბედური შემთხვევა არ მოხდეს" - გვითხრეს კომპანიაში.

საპატრულო პოლიციის დახმარებით, შუაღამეს, ბუნებრივი აირი ჩართეს, ხოლო გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებმა რეგულატორები დღეს დილით გამოცვალეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები