ახალი ამბები
გორში რკინიგზის დასახლებაში მიწისქვეშა ელექტროსადენი დაზიანდა
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებას ელექტროენერგია ორი დღეა არ მიეწოდება. ამის მიზეზი მიწისქვეშა სადენის დაზიანება გახდა.

დაზიანების შედეგად, მეორე დღეა, გამორთულია როგორც გარეგანათების სისტემა, ასევე, დენის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობა, პურის საცხობები, მაღაზიები, აფთიაქები და ა.შ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაზიანების კერაზე სარემონტო სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს, ხოლო მისი დამთავრების დროსა და თარიღს, ამ ეტაპზე, ვერ განსაზღვრავენ.

დაზიანების კერა კეცხოველისა და გაბაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე აღმოაჩინეს. ამ ქუჩებზე, მთელი ზაფხული ასფალტ-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ის" წარმომადგენლები აწარმოებდნენ.

სადენზე გარეგანი ზემოქმედების კვალს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში" გამორიცხავენ. სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილი აქვს, მხოლოდ, ავარიულ შემთხვევას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები