ახალი ამბები
ინფრასტრუქტურულ პროექტებს გორის მერიაში სპეციალური განყოფილება გააკონტროლებს
გორის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნა. ზედამხედველობის სამსახურს კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საკრებულოდან აცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მოწოდებული დადგენილების მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში - ,,ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების“ ფუნქციები ჩაიწერა.

ახალი დებულება საკრებულომ უკვე დაამტკიცა და თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. ამ დებულების მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ნებისმიერ ეტაპზე კონტროლს და ზედამხედველობას.

ასევე, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის კორექტირებას, შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის და ვადების კონტროლს, მოცულობისა და ხარისხის შემოწმებას, მიღება-ჩაბარების უზრუნველსაყოფად დასკვნის მომზადებას, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას.
წინადადებების მომზადებას ექსპერტების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევასთან დაკავშირებით.

მონიტორინგის განყოფილებას ევალება, აგრეთვე, კომპანიებთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, მოთხოვნების დასაბუთება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები