ახალი ამბები
,,არტ-კაფეში" ქალთა ძალადობის ფაქტებზე ფილმი უჩვენეს
ხმა ამოიღეთ! - ამ სახელწოდების ფილმი გორში, არტ-კაფეში შეკრებილმა საზოგადოებამ ნახა. ქალმა პოლიტიკოსებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა, რეალური ისტორიები კიდევ ერთხელ განიხილეს.

დოკუმენტურ, 45-წუთიან ფილმში ხაზგასმულია, როგორ არ სურთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, საკუთარი პრობლემების შესახებ, საუბარი, რაც ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.

დისკუსიისას აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქალების გააქტიურება და სოლიდარობა, ხოლო ერთობლივი ღონისძიებებით იმ სტატისტიკის შემცირება, რომელიც ქალთა მკვლელობების რიცხვს აჩვენებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში, ქვეყანაში 22 ქალი მოკლეს, საიდანაც 13 იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი – 706 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ძალადობის დაფარული შემთხვევები კი სტატისტიკაში ვერ ხვდება.

დისკუსიას ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წარმომადგენლები უძღვებოდნენ, მისმა ხელმძღვანელმა, მეგი ბიბილურმა საზოგადოებას ის აქტივობები გააცნო, რომელიც მათი მხრიდან 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდება. ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ ამ პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აწყობს და საოზოგადოებას, არსებული ვითარებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ინფორმაციას აწვდის.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, შემდეგ 16-დღიანი კვირეულით გრძელდება. ის 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნდა. კვირეული 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება, მანამდე კი ორგანიზაცია ,,ქართლოსი" აღნიშნული ფილმის ჩვენებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან მოაწყობს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიასაც განახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები