ახალი ამბები
გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
მომავალ წელს, გორში, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საწარმოში 800 კგ-მდე პროდუქტს გადაამუშავებენ და ერთგვაროვან თაფლს მიიღებენ, რომელსაც შესაბამისი სასაწყობე ინფრასტრუქტურა ექნება.

ჯერჯერობით, უცნობია ახალი საწარმოს ადგილი. გორში დაგეგმილი პროექტის შესახებ, დღეს, ყვარელელ მეფუტკრეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესაუბრა.

მან ადგილობრივ, მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და მეფუტკრე ფერმერებს “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება თაფლის საწარმო, რომელიც აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით.

პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.
წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში, გაერთიანებულ მეფუტკრეებს ექნებათ საშუალება გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები