ახალი ამბები
გაზაფხულიდან აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ათასობით ჰა ფართობი შეიწამლება
მავნებლის პოპულაციის რიცხოვნობიდან და გავრცელების არეალიდან გამომდინარე არსებობს რეალური საფრთხე მისი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების და დიდ ფართობებზე სტრატეგიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მასობრივი დაზიანების.

ამის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას ,,ინსექტიციდების" შესაძენად სახსრების გამოყოფა უკვე სთხოვა.

სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ადრე გაზაფხულზე ხდება მისი გააქტიურება და გამოსაზამთრებელი ადგილებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლა.

,,ამდენად, მის წინააღმდეგ ღონისძიებების ეფექტურად ჩატარებისათვის საჭიროა გაზაფხულზე მონიტორინგისა და ქიმიური წამლობების დროულად დაწყება. მავნებლის წინააღმდეგ მრავალჯერადად დასამუშავებელმა ფართობმა შეიძლება შეადგინოს 1 მლნ ჰა." - აღნიშნავს იგი.

სააგენტოში ფიქრობენ, რომ მავნებლის წინააღმდეგ სათნადო, ეფექტური ღინისძიებების დროულად გაუტარებლობის შემთხევაში მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.

ზურაბ ჩეკურაშვილის ცნობით, 2017 წელს დასავლეთ საქართველოში დამუშავდა 120,000 ჰა ფართობი თხილის, სიმინდის კულტურებისა და დასახლებული პუნქტების ტერიტორიები. მომავალ წელს კი, საჭირო იქნება დაახლოებით, 200 000 ლიტრი ზეთოვანი ფორმაციის, პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდი. ასევე, 160,000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 100,000 ცალი ფერომონიანი მისატყუებელი (ინსექტიციდი).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები