ახალი ამბები
მოსწავლეებმა პროექტის ,,კინო სკოლაში" ფარგლებში საკონკურსო ფილმები გადაიღეს
10 დეკემბერს, პროექტ ,,კინო სკოლაში"-ს ფარგლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები სამ გამარჯვებულ მოსწავლეს გამოავლენენ. დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ,,პრომეთე" გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლის 200-მდე მოსწავლე, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან და მაღალმთიანი რეგიონებიდან იღებენ. გამარჯვებულებს პლანშეტური კომპიუტერები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში არსებული ფილმიც ნახონ.

პროექტს, - ,,კინო სკოლაში" კინემატოგრაფიის ცენტრი უკვე 3 წელია ახორციელებს, რომელშიც საქართველოს რეგიონების (მათ შორის მაღალმთანი და გამყოფი ხაზის მიმდებარე) 220 სკოლა და 6000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში ფილმებს უჩვენებდნენ, სადაც მოსწავლეებს კინოს ისტორიაზე, განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე მიმართულებებზე, კინომცოდნეები უყვებოდნენ. მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე ნახეს არა მარტო ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები და თითოეული მათგანი განიხილეს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, ხოლო ვისაც სურვილი ჰქონდა დაწერეს სცენარები და შექმნეს ფილმები.

10 დეკემბერს, სწორედ, ამ სცენარებისა და ფილმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართება. ნომინაციაზე წარდგენილია კინოაფიშის, რეცენზიის და ვიდეოსიუჟეტის ავტორი მოსწავლეები.

ფოტოზე: კინოხელოვნების გაკვეთილი გორის მესამე საჯარო სკოლაში

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები