ახალი ამბები
კასპიდან პაციენტი უპასპორტობის გამო კატასტროფის ცენტრმა ონკოლოგიურში არ გადაიყვანა
62- წლის ქალი, რომელსაც ძლიერი ტკივილები აქვს, ონკოლოგიურ საავადმყოფოში კატასტროფის ცენტრმა არ გადაიყვანა.

ამის მიზეზი პასპორტის არ ქონაა. ლეილა ისმაილოვა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოფელ ფერმადან ჯერ კასპის მედალფას კლინიკაში მიიყვანა, რომლის შემდეგ თბილისში მისი გადაყვანა გახდა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ კასპის საავადმყოფომ მძიმე ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსა, ონკოლოგიური პაციენტისთვის საჭირო მკურნალობას ვერ უტარებენ.

,,პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ პირველადი დახმარება გავუწიეთ. რაც შეგვიძლია, გავაკეთეთ, მაგრამ საჭიროებს შესაბამის კლინიკაში გადაყვანას" - ამბობს კასპის საავადმყოფოს მორიგე ექიმი.

როგორც აღვნიშნეთ, კატასტროფის ცენტრმა, პაციენტის გადაგზავნაზე ონკოლოგიურ საავადმყოფოში, უარი თქვა. სატელეფონო საუბარში სოფელ ფერმაში მცხოვრებლებს განუცხადეს, რომ უპასპორტო მოქალაქეს ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვერ გადაიყვანენ.

,,ვერ წავიყვანთ პაციენტს, თუ კლინიკა წინასწარ არ მოგცემთ თანხმობას მიღებაზე." - განაცხადეს კატასტროფის ცენტრში. თანხმობა კი, ონკოლოგიურმა საავადმყოფომ არ გასცა. ისინი პაციენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუკი 600 ლარს გადაიხდიდნენ.

ლეილა ისმაილოვა ყარაბაღიდან დევნილია. ის სოფელ ფერმაში ერთერთმა ოჯახმა შეიფარა. წელიწადნახევარია სიმსიმვნე დაუდგინდა. დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა:

,,ისეთი ტკივილები აქვს, ბოლო ხმაზე ყვიროდა. სასწრაფოდ წამოიყვანეთ საავადმყოფოში" - ამბობს სოფელ ფერმაში მცხოვრები ელისო ნორზალოვი.

ამ წუთებში საავადმყოფოში შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. საქმის კურსშია ჯანდაცვის სამინისტრო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ მოაგვარონ უპასპორტო პაციენტის სათანადო მკურნალობა შესაბამის კლინიკაში.

დამატებით დეტალებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გაცნობებთ. კასპის მორიგე ექიმმა გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ხვალ მოაგვარებენ ამ საკითხს.

,,ამაღამ ჩვენ დავიტოვებთ პაციენტს." - გვითხრა ექიმმა. პაციენტს ქვედა კიდურიდან ჩირქროვა მოაცალეს და ტკივილი გაუყუჩეს. ელისო ნორზალოვი ამბობს, რომ ყარაბაღიდან გამოქცეულ ლეილა ისმაილოვას საქართველოში ნათესავები არ ჰყავს. არც ის იცის, ცოცხალი გადარჩა თუ ვინმე ომის დროს.

,,მე ის თბილისში გავიცანი 6 წლის წინ. მათხოვრობდა ხოლმე. შემდეგ ჩემთან წამოვიყვანე სახლში და გვერდით დავიყენე. ფინანსურად მეც გაჭირვებული ვარ, ცერებრალური დაავადების მქონე 22 წლის ასაკის შვილი მყავს სახლში. არ შემიძლია ამდენი თანხის გადახდა" - აცხადებს ელისო ნორზალოვი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები