ახალი ამბები
გორში ,,ააიპიების" გამაერთიანებელი სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა 50-ს აღწევს
10-წევრიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გორის მერმა შექმნა, ყოველდღიურად იზრდება. მასში იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიყვანეს, რომელსაც ეს გაერთიანება ეხება.

ამ ეტაპზე ჯგუფის წევრთა რაოდენობა უკვე 50-ს აღწევს. თავმჯდომარე მერის პირველი მოადგილეა. სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება საკრებულოს წევრებმაც მოისურვეს.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტის თემი გაერთიანდა. შესაბამისად, დუბლირებული ორგანიზაციების გაერთიანების და ლიკვიდაციის საკითხი დადგა.

მაგალითად, გაერთიანდება 2017 წლის 21 ოქტომბრამდე არსებული, მერიისა და გამგეობის დაფუძნებული ,,კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრები". გაერთიანება ეხება საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოებსაც, ასევე, სპორტულ, ტურიზმის და ა.შ. ერთი და იგივე სახელწოდების მქონე ორგანიზაციებს. მათი იურიდიული სტატუსია ,,არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი" - შემოკლებით ,,ააიპ".

თავდაპირველად, სამუშაო ჯგუფში მერიის თანამშრომლები (პირველი მოადგილე, სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელები) შეიყვანეს. შემდგომში, რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, ,,აიპიების" წარმომადგენლებიც მიიწვიეს. ერთ-ერთი სხდომა დახურეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მხოლოდ კადრების გადაღების უფლება მისცეს. ქალაქ გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა კამერის დანახვაზე სახე ხელეფით დაიფარა.

გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ბატონისაშვილი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებულ პირებს, განსაკუთრებით, ,,აიპიების" წარმომადგენლებს სამსახურში დარჩენის გარანტია არა აქვთ.

,,ზოგადად, სამუშაო ჯგუფის დანიშნულება ისაა, რომ მოამზადოს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც მერს წარედგინება. მერი ან გაითვალისწინებს, ან არ გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს" - აცხადებს ბატონისაშვილი.

გაერთიანების პროცესი 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, თითოეული ,,ააიპის" სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომელი გაფრთხილებულია მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა, ხელფასს წლის ბოლომდე აიღებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები