ახალი ამბები
გორის თეატრის სკვერთან მამაკაცი გარდაიცვალა
გორის ცენტრში, თეატრის სკვერში, 44-წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად პოლიციამ ექსპერტიზისთვის ცხედარი ჯერ გორის პროზექტურაში გადაასვენა.

შემთხვევა დღეს, 2 დეკემბერს, დილით ადრე დააფიქსირეს. თეატრის შენობის გვერდით მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკუთარი სახლი აღარ ჰქონდა და სკვერთან, კიბეების ქვეშ ათენებდა.

ფაქტის შესახებ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადა არ გამოუძახებიათ. გორის შს სამმართველოში კი, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.

,,გუშინ გარდაიცვალა მამაკაცი, ძალადობის კვალი არ აღენიშნება და 115-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების მიზეზს." - აცხადებენ შსს-ში. ცხედარი ამჟამად ეკლესიაში ასვენია.

გორის მერიაში ამბობენ, რომ პიროვნების შესახებ, რომელიც თეატრის სკვერის გვერდით, ღამეებს ატარებდა, მათთვის არავის უცნობებია:

,,ჩვენი მონაცემებით, არც ერთი უსახლკარო ადამიანი გვყავდა ქალაქის ტერიტორიაზე. ყველა მათგანი აღრიცხვაზე იყო და ვუქირავეთ ბინები, ყველა დაკმაყოფილებული იყო შესაბამისი ფართით. აღნიშნული პიროვნების შესახებ, ინფორმაცია არ შემოსულა მერიაში. ჰყავდა თუ არა ოჯახი, ან როგორ აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე, გავარკვევთ" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

დამატებით დეტალებს მერიაში მაინც გაარკვევენ, რადგან პროგრამის მიხედვით, უსახლ-კარო ადამიანების დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები