ახალი ამბები
გორის მერიის ინფორმაციით თეატრის სკვერში მამაკაცი ასფიქსიით გარდაიცვალა
1974 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 2 დეკემბერს, დილით, თეატრის სკვერში გარდაცვლილი ნახეს, წინასწარი ინფორმაციით, ასფიქსიით დაიღუპა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, გარდაცვლილი პიროვნება არ მიეკუთვნებოდა უსახლკარო კატეგორიის ადამიანთა რიცხვს და, შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან მერიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, უსაფუძვლოა. 

მათი განმარტებით, 44-წლამდე ასაკის მამაკაცი, ოჯახური კონფლიქტის გამო, იყო იძულებული ღამე სკვერში გაეთენებინა. თავდაპირველი ვერსიით, მამაკაცმა სიცივეს ვერ გაუძლო. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მამაკაცი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი 2 დეკემბერს დილით ნახეს. გორის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პიროვნების შესახებ, სოციალურ სამსახურში მონაცემები არ მოეპოვებოდათ და დეტალებს მოგვიანებით გაარკვევდნენ.

სამედიცინო ტერმინოლოგიის მიხედვით, ასფიქსია სუნთქვის შეწყვეტაა.

,,ის შეიძლება განვითარდეს სასუნთქ გზებში მექანიკური ცვლილებების (მექანიკური ასფიქსია) ან სასუნთქი ცენტრის ფუნქციის დარღვევის (დამბლის) შედეგად (ცენტრალური წარმოშობის ასფიქსია). მექანიკური ასფიქსია სასუნთქ გზებში უცხო სხეულის (პირნაღები მასის, ტამპონის, ლორწოს, სისხლის, კბილის პროთეზის) მოხვედრისას ვითარდება. ასფიქსიას იწვევს ენის უკან გადავარდნაც."
Print

სტატიის გამოყენების პირობები