ახალი ამბები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 400 მოსწავლე გორის თეატრში მიიწვია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლის მოსწავლეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებმა, თეატრში დაპატიჟეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აქცია 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ აქციას ასევე ,,თეთრი ლენტის" აქციას უწოდებენ.

,,ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში სერიოზულ პრობლემად რჩება - მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია ამას შევეწინააღმდეგოთ . სწორედ ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად უჭერს მხარს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიან გლობალურ კამპანიას" - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

"თეთრი ლენტის " კამპანია 25 ნოემბრიდან ( ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე ) დაიწყო 10 დეკემბრამდე ( ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე) გრძელდება.

წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კამპანიის თემაა: "აქტივიზმის 16 დღე: განათლება ყველასთვის უსაფრთხო გავხადოთ". განათლება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც სიღარიბის აღმოფხვრის, ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობა და ამით ქალებისა და გოგონების გაძლიერება - ყველაფერი ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს შეესაბამება.

თეთრი ლენტები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. თეთრი ლენტის ტარება იმის პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე - სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ლენტს ატარებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თბილისის , ზუგდიდის , გორის და მცხეთის ოფისებიდან კამპანიის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას ახორციელებენ, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხელს უწყობენ ღონისძიებებს სკოლებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მართავს განხილვებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მამაკაცებსა და ქალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიციასთან, სამხედროებთან და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.





Print

სტატიის გამოყენების პირობები