ახალი ამბები
გორის პირველმა სკოლამ ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვითი პრემია მოიპოვა
გორის პირველმა საჯარო სკოლამ გარემოსდაცვითი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მოიპოვა. ამის გამო, გამარჯვებულ სკოლას ეკოჰაბის მოწყობაში დაეხმარნენ.

გრანტის მოსაპოვებლად მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ მაია ქურდაძესთან ერთად, მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარეს. მოაწყეს დასუფთავების აქციები, ქუჩებში მწვანე ყუთები განათავსეს, მაკულატურა შეაგროვეს. 50-მდე სოფელში, ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით, გამოკითხვები ჩაატარეს და კონკურსის ორგანიზატორებს წარუდგინეს. 

გახსნის ცერემონიას თვითმმართველობების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და გარემოსდაცვითი სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეკოჰაბი – ეს არის საერთო სამუშაო სივრცე გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა და ცოდნის გაზიარებისათვის. მისი შექმნის მიზანია გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, რეგიონული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი იდეებისა და სამოქმედო გეგმების დასახვა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ეკოჰაბი ითანამშრომლებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან ინფორმაციის გაცვლისა და მონაწილეობრივი პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის. ის ხელს შეუწყობს ადგილზე არსებული შესაძლებლობების გამოვლენას, ადგილობრივი ინტერესების ლობირებას, სათემო და სამოქალაქო ინიციატივების განვითარებას.

მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, განახლებული სასკოლო ოთახები აღიჭურვა თანამდროვე ავეჯით, ტექნიკითა და ბიბლიოთეკით.

ეკოჰაბებით სარგებლობის უფლება აქვთ ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დარეგისტრირებულ სასკოლო გუნდებს. პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

ეკოჰაბების შემქნის ინიციატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი, რომლის სახელწოდების პრემიაც პირველმა სკოლამ მოიპოვა, დაიბადა 1897 წელს გორის მაზრის სოფელ ტყვიავში და გარდაიცვალა 1982 წელს. იყო ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები