ახალი ამბები
მწერალმა დათო ტურაშვილმა და ნიქოზელმა მოსწავლეებმა საბჭოთა ცნობიერების შესახებ ისაუბრეს
,,ჯინსების თაობის" წაკითხვისა და მის საფუძველზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ, ნიქოზელმა მოსწავლეებმა ავტორი დათო ტურაშვილი სოფელში მიიწვიეს. ამის შესახებ ქეთი თედეევმა მწერალს პირადად მისწერა. 

,,არც კი, დავფიქრებულვარ, მაშინვე თანხმობა ვუთხარი ქეთის. მით უმეტეს, ეს ისეთი სოფელია, პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს" - ამბობს დათო ტურაშვილი. ის ნიქოზში ხელცარიელი არ ჩასულა და მოსწავლეების ინიციატივით დაარსებულ ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნები გადასცა. შეხვედრას ევროპის ფონდის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მწერალი სამკითხველო დარბაზში იმ ასაკის მოსწავლეებს შეხვდა, რა ასაკიდანაც მწერლობა დაიწყო. გაიხსენა, რა რთული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, წიგნის გამოცემა. ეს, - იმ დროს, რომლის შესახებ, სწორედ, ,,ჯინსების თაობაშია" საუბარი.

,,წიგნის გამოცემას კი, არა, დისერტაციას ვერ დაიცავდი ისე. თუ ამას მოახერხებდი, აუცილებლად, გოჭი უნდა დაგეკლა" - ასეთი მაგალითებით დატო ტურაშვილი ბავშვებისთვის საბჭოთა პერიოდის ყოფისა და ცნობიერების უკეთ წარმოდგენას ცდილობდა. პარალელებს ევროპულ ღირებულებებთან ავლებდა, რადგან, ნებისმიერი ადამიანი, განათლების მიღებითა და შრომისმოყვარეობით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

,,სწორედ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოდის გავლენიანი ბიძების, მამების და დეიდების არსებობა. მაშინ, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა საამაყოდ ითვლებოდა, მის სადღეგრძელოებსაც კი, სვამდნენ. ვინც ამას ახერხებდა, ის ძალიან მაგარი იყო. დღესაც ასეა. მაგალითად, დეპუტატი დღეს იმას ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იშოვოს, დიდი მანქანით იაროს და იცით, რატოომ აკეთებს ამას? მეზობელი და ნათესავი გააგიჟოს"- ეუბნებოდა დათო ტურაშვილი მოსწავლეებს.

საუბარი, ლოგიკურად, საბჭოთა კავშირის შემოქმედის, საბჭოთა ბელადის - სტალინისა და მისი ძეგლის შესახებ, გაგრძელდა. უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი გორში? ამ კითხვაზე, დატო ტურაშვილმა განაცხადა, რომ ტურისტული თვალსაზრისით, თუ ის ქალაქს მეტ შემოსავალს მოუტანს, წინააღმდეგი არაა.

,,რაც შეეხება პიროვნებას, მას საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია. მან ყველაფერი გააკეთა რუსეთისთვის. მისი დამსახურებაა ის ყველაფერი, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ" - უპასუხა მწერალმა.

ნიქოზელი მოსწავლეებისთვის შეხვედრა მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა. მართალია, მწერლის მოთხრობების დიდი ნაწილი წაკითხული აქვთ, თუმცა, გვითხრეს, რომ საბჭოთა ცნობიერების შესახებ, კიდევ უფრო მეტი გაიგეს. დათო ტურაშვილი ამბობს, რომ მომავალი თაობა ძველი ცნობიერებისგან, სწორედ, მეტი განათლების, ევროპული ღირებულებების გაზიარებით, უნდა გათავისუფლდეს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები