ახალი ამბები
ავტომრეცხავი, მდივანი და ნაკადის მომწესრიგებელი - ახალი თანამშრომლები გორის მერიაში
გორის მერიაში მრჩევლების პოზიცია გაუქმდა. სამაგიეროდ, მერს ავტომრეცხავი, ვიზიტორთა ნაკადის მომწესრიგებელი და მდივანი ეყოლება. თანაშემწეთა რაოდენობა კი, ერთით გაიზარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მიიღო. 24 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სტატია გასულ კვირას გამოაქვეყნა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მერმა საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხა გაუგზავნა. მისი განმარტებით,  გადახედეს ახლადდამტკიცებულ ნუსხას და მისი შეცვლის აუცილებლობაში დარწმუნდნენ.

,,ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი, გორის მერი.

მერიის მიერ წარდგენილი ახალი პროექტი საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ახალი დადგენილების მიხედვით, ხელშეკრულებით,  სულ გორის მერიაში 15 პირი იქნება დასაქმებული.

აქედან;

4 - მერის თანაშემწე;

3 - კონსულტანტი;

3 -  მძღოლი;

1 -  ავტომრეცხავი;

1 - ვიზიტორთა რეგისტრატორი. (მოქალაქეთა ნაკადის მომწესრიგებელი)

1 - ტექნიკური მენეჯერი;

1 - შესყიდვების თანამშრომელი; 

1- ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი.

გორის მერიაში ამბობენ, რომ  წინა მერს 6 მრჩეველი ჰყავდა. ხოლო კონსულტანტებს რაც შეეხება, ისინი სფეროების მიხედვით, სხვადასხვა განყოფილებებს მოემსახურებიან. მანქანის რეცხვის ხარჯებს კი, ავტოსამრეცხაოების მომსახურებისთვის აღარ გადაიხდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები