ახალი ამბები
სოფელ სკრაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ხუციშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა, გუშინ, 2017 წლის 8 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 23 საათზე მოხდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა, მათ შორის, ქარელის მუნიციპალიტეტიდან, მივიდა. მიუხედავად ამისა, ცეცხლის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა.

ქარიანი ამინდის გამო, მეორე სართულზე გაჩენილი ხანძარი მთელ სახლზე სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

საცხოვრებელი ბინა ხუციშვილებმა წინა დღეებში გაყიდეს. აღებული თანხა კი, ოჯახის ერთ-ერთი წევრის საოპერაციოდ, რუსეთის რესპუბლიკაში გადარიცხეს.

რაც შეეხება სახლის შემძენებს,  ქონება  გაფორმებულიც კი არ ჰქონდათ.  აწ უკვე დამწვარი სახლი ბანკიდან სესხის სახით აღებული ფულით იყიდეს.

,,ფაქტობრივად, ორი ოჯახი დაიღუპა' - გვიყვებიან მეზობლები. ,,ერთმა ოჯახმა ვალით იყიდა ეს სახლი, მეორემ კი, - აღებული თანხა შვილის გადასარჩენად რუსეთში გადარიცხა " - ამბობენ თანასოფლელები.

გორის მერია, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, დამდგარი ზიანის მიხედვით, არა უმეტეს 1750 ლარით დაეხმარება.

ხანძრის გაჩენის მიზეზებს კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები არკვევენ. სავარაუდოდ, ცეცხლი ბუხრიდან გაჩნდა. სკრაში ამბობენ, რომ სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადის წევრებს უკეთესი სპეცტექნიკა ჭირდებათ: ,,არ ჰქონდათ აირწინაღები, დაბალი წნევით მუშაობს წყლის ჭავლიც. ძალიან შეგვეცოდნენ მეხანძრეებიც" - ამბობენ ადგილობრივები.













Print

სტატიის გამოყენების პირობები