ახალი ამბები
16-დღიანი კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოხსენებით ძალადობის მსხვერპლი ქალებიც გამოვიდნენ
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის" ორგანიზებით, დასკვნითი კონფერფენცია გაიმართა.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე მოხსენებით ის ადამიანებიც გამოვიდნენ, რომლებმაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ, სტატიები და ანგარიშები მოამზადეს. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უშუალოდ ძალადობის მსხვერპლნი არიან.

ჟურნალისტი თამარ მჭედლიშვილი ამბობს, რომ, თუ ოჯახი ყალბ ურთიერთობებზეა დამყარებული, უმჯობესია, ქალი დარჩეს მარტო, ხოლო შვილები წნეხსა და ძალადობას აარიდოს. მისი აზრით, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია:

,,როდესაც მოქალაქე რეკავს პატრულში, ის, პატრულის თანამშრომლის მხრიდან, განიცდის ცინიკურ დამოკიდებულებას. ამის შემდეგ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი აღარ რეკავს პოლიციაში, რითიც სარგებლობს მოძალადე" - აცხადებს თამარ მჭედლიშვილი. ამ შემთხვევაში, ყურადღებას, კონკრეტულად, ქალთა ყოფილი ქმრებზე ამახვილებს.

უფლებადამცველმა და იურისტმა თამარ თედლიაშვილმა, ადრეულ ქორწინების შესახებ საუბრისას, საკუთარი მაგალითი გაიხსნა. ის მეათე კლასში, იმ დროს მიღებული ტრადიციის (მოტაცების) შედეგად, დაქორწინდა. ,,ტრადიციის მიხედვით, თუ გოგონა ერთი ღამის განმავლობაში არ იქნებოდა ნაპოვნი, ითვლებოდა, რომ მომავალში გათხოვებას ვეღარ შეძლებდა. ამ სიტუაციის მიუხედავად, მაინც თავს ბედნიერად ვთვლიდი - აღარ მიშლიდა დედა სადმე წასვლას, დაბადების დღეზე, ექსკურსიაზე და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული ქორწინების შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

შეხვედრაზე სხვა კონკრეტული ისტორიებიც გაიხსენეს, რომელიც საჯაროდ არ ხდება ცნობილი, თუმცა რეალურად არსებობს. ასეთი შემთხვევები სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს ბევრჯერ დაუფიქსირებიათ. ისინიც თვლიან, რომ სიჩუმე ხელს უწყობს ძალადობას.

პროექტი ,,16 დღიანი კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ შიდა ქართლში" ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხადრდაჭერით.

16-დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ აქციას ასევე ,,თეთრი ლენტის" აქციას უწოდებენ. "თეთრი ლენტის " კამპანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო 10 დეკემბრამდე ( ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე) გარძელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები