ახალი ამბები
შიდა ქართლის კალათბურთის ცენტრში დაპირისპირებაა
ზვიად ბაბიაშვილი, რომელსაც 2017 წლის 6 დეკემბერს, სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, დღეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არჩევნებზე მაინც მიდის. ამ შემთხვევაში, ის დელეგატის სტატუსით და არა ,,შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის" დირექტორის სახელით გაემგზავრება.

მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლაშა მდივანი დარწმუნებულია, რომ ხვიად ბაბიაშვილს, როგორც დელეგატს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, ერთი ხმის უფლება ექნება. ის ამბობს, რომ მის მოწინააღმდეგეებმა იურიდიული ლაფსუსი დაუშვეს.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს, ზვიად ბაბიაშვილი ჯერ ააიპ ,,შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის" გამგეობის წევრად შეიყვანეს, 20 დღის შემდეგ კი, - დირექტორად აირჩიეს. ქრონოლოგიურად, მოვლენები ასე განვითარდა:

31 ოქტომბერს გამგეობის წევრად დაარეგისტრირეს; მომდევნო დღეს, გამგეობის ყველა წევრს შეტყობინება გაუგზავნეს იმის შესახებ, რომ 20 დღეში დაინიშნებოდა ცენტრის ახალი დირექტორის არჩევნები. დირექტორი იმ პერიოდში იოსებ ხაჩიური იყო.

2017 წლის 1 ნოემბერს, კალათბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა იოსებ ხაჩიურთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია დაფინანსებას 20 ათასი ლარის ოდენობით მიიღებდა. მიუხედავად ამისა, 20 დღის შემდეგ, გამგეობის წევრებმა ახალი თავმჯდომარე, ზვიად ბაბიაშვილი მაინც აირჩიეს. ომის მიხედვით, არჩევნებში 6 წევრიდან მას 4-მა დაუჭირა მხარი.

აღნიშნული ფაქტი, ყოფილმა დირექტორმა იოსებ ხაჩიურმა სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. კერძოდ, ზვიად ბაბიაშვილს უფლებამოსიფლება, დავის განხილვის დასრულებამდე, შეუჩერა, ხოლო იოსებ ხაჩიური თანამდებობაზე არ აღადგინა.

იოსებ ხაჩიურის თქმით, ერთი თვის წინ, ზვიად ბაბიაშვილმა ორგანიზაციის კრება ისე ჩაატარა, რომ სხვა წევრებს, მათ შორის, იმდროინდელ ხელმძღვანელს არ გააგებინა.

,,ეს გააკეთეს სპეციალურად, რადგან ამ ორგანიციის ხელმძღვანელობიდან ჩამოვეშორებინე. აარჩევინა გამგეობის ახალ წევრებს თავი დირექტორად. ეს იმიტომ მოხდა, რომ არ წავსულიყავით 11 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებზე, სადაც კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. " - აცხადებს იოსებ ხაჩიური.

მისი თქმით, სასამართლოში, სწორედ, მან შეიტანა სარჩელი და უფლებამოსილება ზვიად ბაბიაშვილს, ამის გამო, შეუჩერდა.

,,შიდა ქართლიდან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ორი ხმა უნდა წასულიყო. გეცოდინებათ, რომ კენჭს იყრის შიო ხეცურიანიც. ზვიად ბაბიაშვილი შიო ხეცურიანის მხარდამჭერია. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, 11 დეკემბერს ვერც ერთი წავალთ" - განმარტავს იოსებ ხაჩიური.

ზვიად ბაბიაშვილმა 9 დეკემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგი გამართა.



გორში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი 8 დეკემბერს გამოეხმაურა, სადაც ფედერაციის  ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრთან 1 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმი გაასაჯაროვა. მისი თქმით, მმართველობიდან 3 წლისა 11 თვის თავზე ფედერაცია მემორანდუმს არ უნდა აფორმებდეს, რადგან წლების განმავლობაში შიდა ქართლის კალათბურთისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

,,ეს არის პირდაპირი გაგებით მოსყიდვა." - აცხადებდა შიო ხეცურიანი. მემორანდუმის გაფორმებით, ცდილობდნენ, თანამდებობაზე იოსებ ხაჩიური დაეტოვებინათ.

“ჩვენ ვისაუბრეთ არასამართლიან საარჩევნო გარემოზე. ჩაგვივარდა ხელში დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ამჟამინდელმა კალათბურთის ფედერაციამ შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრთან 1 ნოემბერს, მათი მმართველობის 3 წლისა და 11 თვის თავზე, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, გააფორმა მემორანდუმი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შიდა ქართლის ფედერაცია დაფინანსდება 20 ათასი ლარით. ჩვენი აზრით, ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, როგორც ამჟამინდელი ფედერაციის სხვა არასამართლიან გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საგანგებო განმარტება გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შიო ხეცურიანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ეროვნული ფედერაციასა და შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრს შორის გაფორმებულ მემორანდუმს:

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში არსებულ მის წევრ ყველა რეგიონულ ფედერაციასთან 2017 წლის აპრილიდან. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში და მისი ამოქმედება დაიწყო შესაბამისი ფინანსური სახსრების გარანტირებული უზრუნველყოფის შემდეგ. ხელშეკრულებებში გაწერილია, რომ რეგიონული ფედერაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა მოხმარდეს რეგიონში ბავშვთა კალათბურთის განვითარებას, დანარჩენი - ადმინისტრაციულ ხარჯებს. ამის მიზეზია ის, რომ რეგიონული ფედერაციები ვერ იძიებენ სათანადო სახსრებს, რათა საკმარისი რაოდენობით ჩაატარონ ბავშვთა საკალათბურთო ღონისძიებები. ზვიად ბაბიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჩაიდინა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის არჩევნების დროს. ბაბიაშვილმა ძალადობის გზით და ყოველგვარი იურიდიული ნორმების დარღვევებით მიიტაცა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა. თუმცა, აღნიშული ორგანიზაციის ყოველგვარი იურიდიული და ზნეობრივი ნორმების დარღვევებით შეცვლილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის საჩივრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ზვიად ბაბიაშვილს შეუჩერდა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის უფლებამოსილება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს 2017 წლის 11 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას სამართლიან და ადექვატურ გარემოში“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები