ახალი ამბები
2 ცალი ქათმის ქურდობის ამბავი

 

ეს ისტორია რკინიგზის დასახლებაში მოხდა. ვლადიმერ გიორგაშვილი, 2014 წლის 10 თებერვლამდე, სადგურის დასახლებაში მცხოვრებ მალხაზ მაყიშვილის სახლში ცხოვრობდა. როგორც თავად ამბობს, ციხიდან ახალი გამოსული იყო და სახლ-კარი არ გააჩნდა. როცა მალხაზ მაყიშვილმა ის რკინიგზის სადგურზე ნახა, სახლში სხვადასხვა სამუშაოებზე დახმარების მიზნით წაიყვანა.  რამდენიმე დღის შემდეგ ვლადიმერ გიორგაშვილი მაყიშვილის ახლობელს დავით ფერაძეს სამუშაოად, შეშის საჭრელად გაჰყვა. ერთ საღამოს ორივე მათგანი მაყიშვილის სახლში ქათმებით დაბრუნდა. დილით კი პოლიცია  თავზე დაადგა. გიორგაშვილი და ფერაძე დააკავეს.

 

სწორედ ასეთია ისტორია, რომელზეც ბრალდება გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებით ემყარება.

 

სახლის პატრონი მალხაზ მაყიშვილი ამჟამად გარდაცვლილია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მისი ჩვენება წაიკითხა.

 

,,2014 წლის 7 იანვარს რკინიგზის სადგურზე ვლადიმერ გიორგაშვილი ვნახე, რაღაც ისე იდგა, ვიფიქრე, ცუდად ხომ არ იყო. ცუდად ვარო, მიპასუხა. შემეცოდა და სახლში წავიყვანე. ჩემთან ცხოვრობდა. რამდენიმე დღეში ჩემი ახლობლები ფერაძე მოვიდა, გიორგაშვილი წაიყვანეს, შეშა უნდა დაეჭრათ. ერთ საღამოს ძალიან ნასვამი ვიყავი, ადრე დავიძინე. დილით რომ გავიღვიძე, გავარკვიე, რომ გიორგაშვილი და ფერაძე ღამე მოსულან ჩემთან სახლში, პური უჭამიათ. ვნახე ერთი ცალი შემწვარი ქათამი. პოლიცია მოვიდა და განაცხადეს, რომ ქათმები მოიპარესო" - აღნიშნულია მალხაზ მაყიშვილის ჩვენებაში.

 

ამ ჩვენების წაკითხვის შემდეგ ბრალდებულებმა - ფერაძემ და გიორგაშვილმა განაცხადეს, რომ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ცემის შედეგად არის დაწერილი.

 

,,პოლიციელი იყო ერთი, გაბინაშვილი. სულ თავში და მუცელში მცემდა. სანამ სასურველი ჩვენება არ დაგვაწერინეს, არ მოგვეშვა. ის ქათმები ჩვენ არ მოგვიპარია. მაყიშვილის სახლში სხვებიც იყვნენ, იქნებ იმათ მოიტანეს" - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა გიორგაშვილმა.

 

,,როცა ჩვენებები დავწერეთ" - აგრძელებს გიორგაშვილი - ,,პოლიციელებმა რესტორანში წაგვიყვანეს,  გვაქეიფეს, რათა ცემის ამბავი არავისთვის გვეთქვა. ორი კვირის შემდეგ კი დაგვაკავეს" 

 

პროკურორმა ია მეფარიშვილმა პროცესზე ცელოფანში შენახული ქათმის ბუმბულები წარმოადგინა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ბრალდებულებს განუცხადა, მოხდეს თუ არა მტკიცებულებების დათვალიერება.

 

,,რა უნდა ვნახოთ? აბა რა ვიცით, რომ ეგ იმ ქათმების ბუმბულია." - განაცხადებს ბრალდებულებმა.

 

სახელმწიფო ბრალდებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აწარმოა წინასწარი გამოძიება, რაც ჯგუფურად, საცავში შეღწევით სხვისი ქონების დაუფლებას ნიშნავს. როგორც პროკურორმა განაცხადა, მხარეებთან საპროცესო შეთანხმებაზე მიდის საუბარი. თუ საპროცესო შეთანხმება არ მიიღწევა, მოსამართლეს განაჩენის გამოტანა მოუწევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები