ახალი ამბები
გორის საკრებულოს დეპუტატები ყოველთვიურად 400 ლარს ხარჯებისთვის მიიღებენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით დაენიშნათ.

ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. 400-ლარიან ანაზღაურებას აპროტესტებს შენების მოძრაობის წარმომადგენელი ბადრი ნანეტაშვილი. 

ანაზღაურებას, განკარგულების მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, მისცემენ: კერძოდ,  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით; ასევე, საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

გარდა ამისა, თანხის მისაღებად საკრებულოს წევრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში, ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრა გამართოს, საიდანაც არანაკლებ ორი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა - შესაბამისი აქტით (სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).

თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს მხოლოდ ორ ვალდებულებას, მას მიეცემა თანხა 20 პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს, საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.

ფოტოზე: საკრებულოს წევრი ,,შენების მოძრაობიდან" ბადრი ნანეტაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები