ახალი ამბები
დევნილთა დასახლებებში მედიატური მოეწყო
გორში, ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და დევნილთა თემში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

კოტეჯური ტიპის დევნილთა დასახლებებში საინფორმაციო ტურის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრა სასტუმრო ,,ვიქტორიაში" გაიმართა.

ჟურნალისტები დევნილთა სამ დასახლებას (ვერხვების დევნილთა დასახლება, სკრის დევნილთა დასახლება, კარალეთის დევნილთა დასახლება) ესტუმრნენ და თავად თემის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს ადგილზე არსებული პრობლემები.

პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარე დევნილთა დასახლებებში (კოლექტიურ ცენტრები და კოტეჯური ტიპის დასახლებები) პირველადი გამოკითხვისა და მომდევნო ეტაპზე ჩატარებული ტრენინგების დროს, დევნილებმა თავად დაასახელეს ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემები.

შემდგომ ეტაპზე კი, ადვოკატირების კამპანიისათვის 2 ძირითადი პრობლემა შეარჩიეს და მათ გადასაჭრელად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის სხდომების გამართვა დაიწყეს.

პროექტის მიზანი დევნილი თემების ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდაა, რაც გულისხმობს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას დევნილთა თემში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

საინფორმაციო მედიატური გაიმართა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისაკენ” ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტი 20 ლოკაციას მოიცავს და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები