ახალი ამბები
ჟენევაში დღეს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება
დღეს, ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის მხრიდან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებაზე ხელმოწერას კვლავ ელოდებიან.

მურატ ჯიოევი, რომლის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი" ავრცელებს, ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა, წლებია, ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებას არა თუ დე-ფაქტო რესპუბლიკების (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) წარმომადგენლებმა უნდა მოაწერონ ხელი, არამედ  - რუსეთმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნა და მისი პირველი რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.

მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

ორი სამუშაო ჯგუფიდან პირველ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების თემატიკა, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები